აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი „თალიბანის“ ლიდერთან შესახვედრად გაგზავნა, – ინფორმაციას როიტერი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ უილიამ ბერნსისა და აბდულ ღანი ბარადარის შეხვედრა ქაბულში გაიმართა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დასატოვებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ქვეყანაში, შესაძლოა, ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩნენ იმ მიზნით, რომ ამერიკელების ევაკუაციის პროცესი დაასრულონ. გუშინ „თალიბანის“ წარმომადგენლებმა როიტერს განუცხადეს, რომ ისინი დასავლური ძალების ავღანეთში დარჩენის ვადის გახანგრძლივებას არ დათანხმდებიან.
იპნ

