პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია გაუგებარ თამაშს თამაშობს.
– არჩევნებამდე დარჩენილ დროში არის მოსალოდნელი რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება სურათი რადიკალურად შეცვალოს?
– არა მგონია. ყველაფერი დღესავით ნათელია. “ოცნება” გაიმარჯვებს და ოპოზიცია დამარცხდება. შემდეგ რა მოხდება, ეს სხვა საკითხია.
– გახარია ასე მარტივად დანებდება? კორექტივებს არ შეიტანს ამ პროცესში?
– მე მაინც მგონია, რომ გახარიას მთავარი სამიზნე საპარლამენტო არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროს ალბათ გამოიყენებს პარტიის სტრუქტურულად გასამართად. გავა რეგიონებში, იქ მოძლიერდება. უამრავი სამუშაო და დასაზუსტებელი აქვს და ამ დროს ამისთვის გამოიყენებს.
რაც შეეხება ამ არჩევნებს, ალბათ ამოცანა იქნება მეორე ადგილზე გასვლა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აჯობოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი კორექტივი იქნება მთელი პოლიტიკური სპექტრის გადალაგებისთვის. ეს უკვე იქნება სერიოზული განაცხადი, რომ ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა ჩაანაცვლოს გახარიამ.
– ანზორ მელიას კანდიდატურას ზუგდიდში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თქვენ რას იტყვით?
– ანზორ მელიაზე ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ ოჯახში ზედმეტი იყო და შვილმა მამა კანდიდატად წაიყვანა. ასე ნამდვილად არ არის. ანზორ მელიას სამეგრელოსთან, ზუგდიდთან სერიოზული კავშირები აქვს. ეს იყო სრულიად მიზანმიმართული და შეგნებული პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამეგრელო მთელ ქვეყანას გადაფარავს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა