დანიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს ვუბრუნდებით. შაბათიდან შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, – განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა.
ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60%.
12 აგვისტოს მონაცემებით, კოვიდით 1085 ადამიანი დაავადდა, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ინფიცირებულთა საშუალო რაოდენობამ 974 შეადგინა. აგვისტოს პირველ 12 დღეში სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი.
„ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში. ასე რომ, შეგვიძლია პრევენციული რეკომენდაციების ადაპტირება ისე, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება“, – აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა.
ამასთან, პირბადეების ტარება სავალდებულო დარჩება თვითმფრინავებსა და ქვეყნის იმ აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესები მოქმედებს.
იპნ

