“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ მოტივაციაზე, თუ რატომ დარჩა პარლამენტში პარტია:
– ნიკა მელია ტოვებს პარლამენტს, მაგრამ პარტია რჩება, რადგან პარლამენტს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს. საქართველოს მოქალაქეებს სურთ პროპორციული სისტემა, რომელიც ასახავს იმ არჩევანს, რომელსაც ისინი გააკეთებენ. ეს არის გასაკეთებელი პარლამენტში.
– ეს მოხერხდება პარლამენტში?
– ეს ვერ მოხერხდებოდა თუ “ნაციონალური მოძრაობა” მთლიანად დატოვებდა პარლამენტს და სხვა ოპოზიციური ძალებიც. იმიტომ, რომ ამას კონსტიტუციაში სჭირდება ცვლილებების შეტანა. ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი და ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
– ამომრჩეველი როგორ მიიღებს თქვენს გადაწყვეტილებას?
– ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი პრინციპების და ჩვენი რეალური ამოცანა დღეს ქვეყნის გადარჩენაა. ჩვენი მიზანია, რომ ის ამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან, რომელშიც შეგვათრია “ქართულმა ოცნებამ”.
ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. არ ვართ ნორმალურ ვითარებაში, რადგან უპასუხისმგებლო და გადამგდები ხელისუფლება გვყავს. ძალიან კარგია, რომ ამის შესახებ კიდევ ერთხელ გაიგეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა