კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას ყველაზე სწორი და უტყუარი ინფორმაცია აქვს, რა ხდება მმართველ პარტიაში, სახელისუფლებო ვერტიკალში, მათ შორის სპეცსამსახურებში, პოლიციაში. შესაბამისად, მას შიგნიდან აქვს ინფორმაცია ყველა დონეზე. იცის საკუთარი შესაძლებლობებიც.
– მისი გათვლა არის შემდეგი: სახელმწიფოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს მის გარეშე ან მას ჰქონდეს გავლენის მოხდენის საშუალება. გახარიასთვის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია ამ მიზნის მისაღწევად.
ამ არჩევნებზეც და 2024 წლის არჩევნებზეც მისი გათვლა იქნება, რომ მის გარეშე კოალიცია ვერ შედგეს ვერც ადგილობრივ და ვერც საპარლამენტო დონეზე.
– გახარია თბილისში თუ იყრის კენჭს, ეს სურათს რამდენად შეცვლის?
– სურათს ნამდვილად შეცვლის. საქართველოს რეალობაში ძალიან სწორი ტაქტიკა აქვს შერჩეული, აკვირდება მოვლენათა განვითარებას და მოლოდინებს ქმნის, გაზრდილი მოლოდინი კი შეიძლება გამოიყენოს, თუ დააყენებს საკუთარ კანდიდატს ან, თუ არ დააყენებს, მაშინ შესთავაზოს მოლოდინის ადეკვატური კანდიდატი, მაგალითად, ზუგდიდში პოპულარული ფიგურა ზუგდიდელებისთვის და ა.შ. ამით ის შეეცდება, მოიპოვოს ის მანდატები, რომლებითაც თუნდაც საკრებულოში გადაწყვეტილებაზე სერიოზულ გავლენას შეძლებს.
ამით, მაგალითად, კალაძეს დაუბლოკავს ბიუჯეტს, ასევე აიძულებს, პოლიტიკურ ვაჭრობაში შევიდეს. თუკი საკრებულოში უმრავლესობა არ ეყოლებათ, მერწმუნეთ, ძალიან გაუჭირდებათ, ისეთი თამამები ვერ იქნებიან, როგორებც აქამდე იყვნენ.
– შეიძლება, გახარიას პარტია მეორე ადგილზე გავიდეს?
– მესამე შეიძლება უფრო ძვირფასიც კი იყოს იმ პირობებში, როდესაც პირველ და მეორე ადგილებზე გასულები ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიან.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა