2020 წლის იანვარში მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული ენი გასიევა გახდა. მალე მათ ბიჭი ეყოლათ, რომელსაც კოსმო დაარქვეს, 2021 წლის მაისში კი წყვილს გოგონა, ლუნა, გაუჩნდა.
მსახიობი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მისი მეუღლე კრისტი ყიფშიძე იყო და მასთან გოგონა, ნატალია ჰყავს, მეორედ კი ის ანი ჩიკვილაძეზე დაქორწინდა და მასთან ვაჟი, ალექსანდრე, შეეძინა.
– მამაჩემს ენი საგრიმიოროში გავაცანი. ჩემი გოგოა-მეთქი. რამდენი წლის არისო, – მკითხა. 22-ის მეთქი. შენი შვილიო? 18-ის მეთქი. შენ რამდენის ხარო? 42-ის-მეთქი. მერე? არ გრცხვენია, პედოფილი ხარ? დიდი სხვაობააო, – იხუმრა. ენის დედა ჩემხელაა. ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია, – უთხრა გიორგიმ ჟურნალ ,,გზას”.
“ამბებთან” საუბრისას მსახიობმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი ნატალია და ცოლი ენი, რომელიც ნატალიაზე 2 წლით უფროსია, მეგობრობენ:
– ეს ძალიან მახარებს, დაქალობენ. რა უცნაურია და კრისტი და ენი ძალიან მეგობრობენ, მე ჩართული არ ვარ, ცალკე მეგობრობა აქვთ, ესეც ძალიან ასწორებს.
მსახიობს ახალ ფილმში იღებენ:
– ბოშის როლს ვთამაშობ, დათო დარჩია თამაშობს ბოშათა ბარონის როლს, ტაჯიკი და რუსი მსახიობები ჩამოდიან და ძალიან მახარებს, ამ პანდემიის დროს რომ რაღაც დაიძრა. გურიაში ვიღებთ და ერთი ბავშვი მიმყავს, მეორეს დედასთან ვტოვებ.
– ბავშვებმა შეცვალეს შენი ცხოვრება?
– მე ხომ ყველა ასაკში მამა ვხდები, მეოთხეჯერ გავხდი და ეს ჩემთვის არც პირველია და არც უკანასკნელია. ამ ბოლო ორი ბავშვის გაჩენამ ჩემი გარდასახვა მოახდინა, რასაც “დიდი გიორგის რეკონსტრუქცია“ დავარქვი. ჯანმრთელობის ფასი ვისწავლე, ყველაფერი შეიცვალა ჩემში, ისე, რომ წინა გიორგის ნატამალი არ დარჩა. ეს ყველაფერი ჩემმა მეუღლემ განაპირობა, ჩემი ცხოვრების მწყობრში მომყვანი ეს გოგოა.