“ქართული ოცნების” განცხადებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლით სახელისუფლებო გუნდმა ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნა და რომ ისინი აღარ აპირებენ მსგავს შეთანხმებებში მონაწილეობას, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” ეს განცხადებები ვნებს არა პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად ქვეყანას.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ისინი თავიდანვე აფრთხილებდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ხელმოწერაში მათ არმონაწილეობას ოცნება საბაბად გამოიყენებდა, თუმცა როგორც მანჯგალაძე ამბობს, შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლა, რეალურად არა რომელიმე ხელის არმომწერი პარტიის, არამედ “ქართული ოცნების” უპასუხისმგებლობის ბრალია:
“ეს არის გამოწვეული იმით, რომ “ქართული ოცნება” არის უპასუხისმგებლო, მხდალი და მშიშარა ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ხალხის გადაწყვეტილების და ამიტომ გარბის შეთანხმებიდან, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პროცესები ეჭვს უჩენს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებიდან” ფინანსდება.
“ამ ხალხს არც შერიგება უნდოდა და არც არაფერზე ხელის მოწერა, თავის დროზე ძალით მოაწერინეს და ახლა მოახერხეს და ყველაფრის და ყველას მომდურების ფასად აქედან გამოვიდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” იქცევა “ქართული ოცნების” თანამოაზრესავით და მე ეს მიმძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება საბოლოო ჯამში,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რუსთავი 2

