ირაკლი ქადაგიშვილი – “არჩევნების გადადება ოპოზიციას უნდა, რადგან იცის, რომ არჩევნებს წააგებს”

ირაკლი ქადაგიშვილი - "არჩევნების გადადება ოპოზიციას უნდა, რადგან იცის, რომ არჩევნებს წააგებს"სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება და სამწუხაროდ, ის ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის პოზიციას, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, რეალურად ეპიდვითარებით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირება ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის კვლავ ხდება ეპიდვითარებით სპეკულაცია, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, მაგრამ ამავდროულად ეს ეპიდვითარება მორევადია, თუ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება. ამისთვის ყველა საშუალება და პირობა დღეს ქვეყანაში არსებობს. განცხადებები, რაც დღეს კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების მხრიდან, არის პოლიტიკური დაკვეთა.

ყველა კვლევა, სანდო, ნაკლებად სანდო, შიდა კვლევები, რაც ყველაზე უფრო სანდოა, აჩვენებს ერთ ტენდენციას, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს რომ მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ „არჩევნები გაყალბდა“ – ვერც ეს ნარატივი ვეღარ იმუშავებს და ვერც სხვა ფსევდორევოლუციური სცენარები, რომელიც ჯერ კიდევ მათ თავებში ტრიალებს. ამიტომ მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს.

ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

იპნ