ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
მათი განმარტებით, ავიაიერიში ისრაელის ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო და გვირაბი დაბომბეს.
საჰაერო იერიშის განხორციელებამდე ასობით პალესტინელი ისრაელის მიერ ანკლავზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით საზღვართან შეიკრიბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, შეკრებილებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები გაისროლეს და საბურავები დაწვეს და ამ ქმედებებს ისრაელის ჯარისკაცებმა „მასობრივი არეულობის დასაშლელი საშუალებებით“ უპასუხეს. ღაზას სექტორის მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 6 პალესტინელი, მათ შორის ერთი – მძიმედ.
მას შემდეგ, რაც მაისში ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელ-ჰამასის 11-დღიანი დაპირისპირება შეწყდა, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამჩენ ბუშტებს პერიოდულად უშვებენ, რის საპასუხოდაც ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმას ახორციელებს. პალესტინელები აცხადებენ, რომ ბუშტების გაშვებით ისინი ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე იმისთვის, რომ ღაზაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე დახმარების შესვლა შესაძლებელი გახადოს.

