მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობათან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარია ცდილობს, პოზიტიური კამპანია აწარმოოს.
– გახარია უფრო გადახრილია “ქართული ოცნებისკენ”, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისკენ. მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ ნაცმოძრაობა მათი მტერია. შეეცდებიან, ჯერ მოუგონ ნაციონალურ მოძრაობას და მერე “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე მათ უნდათ პირველი ოპოზიციური როლის აღება და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, მე არ გამოვრიცხავ, კოალიციაში დავინახოთ გახარია და “ქართული ოცნება”.
– გახარია რატომ აგვიანებს კანდიდატების დასახელებას? არის იმის შანსი, რომ თბილისში საერთო არ დაუყენონ კალაძეს კანდიდატი?
– მე ასე მგონია, ერთ-ერთი არველაძე რომ დაეთანხმებინა გახარიას იმაზე, რომ წასულიყო ქალაქის მერად, ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევდნენ კალაძეს. მელიას ხომ გაუწევდნენ და გაუწევდნენ. თუმცა არ წავიდა არველაძე ამაზე და არ მოინდომა ამ პოლიტიკაში შესვლა. ახლა არ ვიცი, ვის დაასახელებს გახარია. თვითონ რომ დააყენოს თავისი თავი, დარწმუნებული ვარ, მოიგებს. თუმცა, შემდეგ გაუჭირდება უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა.
– იმის თქმა გინდათ, რომ კალაძეს მოუგებს გახარია?
– კი, ამ ეტაპზე გახარია მოუგებს კალაძეს. დღეს ხალხი უშვებს იმას, რომ იქნება მხოლოდ ორი კანდიდატი. რეალურად მართლა ასეა. ოპოზიციამ საერთოდ უარი თქვა კანდიდატის დაყენებაზე და დარჩნენ მელია და კალაძე. რა ვქნა, სიმართლის თქმა მიყვარს, მელიას უკვე წაგებული აქვს. ნაცმოძრაობას ძალიან დიდი ნეგატივი მოყვება.
უფრო მელიას წინააღმდეგ მისცემენ ხმას კალაძეს, ვიდრე იმიტომ, რომ კალაძე მოსწონთ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა