კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.
– ქვეყანაში უმძიმესი ეპიდსიტუაციაა. ხალხი ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
– მდგომარეობა მძიმეა. ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისათვის, რომ ხალხი შიშისაგან არ იხოცებოდეს.
– ჩვენ გვგონია, რომ ხალხი კოვიდ-19-ისგან იხოცება, თქვენ შიშზე ამახვილებთ ყურადღებას?
– დიახ. შიშსა და ფსიქოზზე. რამდენიმე შემთხვევის მომსწრე გავხდი. დარწმუნებული ვარ, ეს ერთეული შემთხვევები არაა. იმ ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის პანიკურად ეშინოდათ, ეს დაავადება უმძიმესად გადაიტანეს ან ემსხვერპლნენ მას. მათი შიში იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ მათ იმუნიტეტი დაიქვეითეს და საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად დაიზიანეს.
ჩვენ ბრძნული ანდაზა გვაქვს – ჭირმა 100 მოკლა, შიშმა კი 100.000-ო. მაშინ მედიცინა და ტექნოლოგიები ასეთი განვითარებული არ იყო. დღეს განვითარებულია, თუმცა ადამიანები ზიანდებიან ფსიქოზისა და პანიკისაგან. მათ ადვილად ერევათ ვირუსი. ხელისუფლებას თავიდანვე უნდა შეექმნა სწორი განწყობა. მაშინ ვირუსისგან ამ რაოდენობით ხალხი არ დაიღუპებოდა.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა