ლეო ანთაძე – “ქალებს ვეუბნები, სკლეროზი მაქვს და გაკოცეთ თუ არა, არ მახსოვს მეთქი”

ლეო ანთაძე - "ქალებს ვეუბნები, სკლეროზი მაქვს და გაკოცეთ თუ არა, არ მახსოვს მეთქი"88 წლის ლეო ანთაძე ფილმში, სერიალში, თეატრში აქტიურად თამაშობს. არც ფიზიკურ ძალისხმევას იშურებს და არც მახსოვრობის პრობლემა დაწყებია. როგორც ამბობს, დიდი ტექსტების დამახსოვრობით, გონებას ავარჯიშებს.

სექტემბერში გამოვა ფილმი, სადაც მთავარ როლს ასრულებს.

გია ბარაბაძის „გვიან შემოდგომაში” მსახიობი ფიზიკოსის როლშია.

ლეო ანთაძე: – თემიკო ჭიჭინაძეს ჩემი შვილის როლში იხილავთ. მე ძველი ფიზიკოსი ვარ, რომელსაც სკლეროზი შეეპარა. საბედნიეროდ, ცხოვრებაში არ მაქვს სკლეროზი. ვაჟას „ბახტრიონს“ თავიდან ბოლომდე ზეპირად ვკითხულობ მონო სპექტაკლში. ტექსტების დამახსოვრება გონებას ძალიან ავარჯიშებს.

ახლა ჩემი სპექტაკლით დასავლეთ საქართველოში მინდა წასვლა. ფაიზერით ორჯერ ვარ აცრილი და უშიშრად მივდივარ. თავისუფლად შემიძლია გადავეხვიო და გადავკოცნო ადამიანები.

სპექტაკლის შემდეგ მოდიან ქალბატონები და მოლოცვისას, მკოცნიან. როგორ ხართ, ბატონო ლეოო, რომ მეუბნებიან, სიბერემ სკლეროზი მომიტანა-მეთქი, ვპასუხობ. რა სკლეროზი, ორი საათია “ბახტრიონს” უშეცდომოდ კითხულობთო, მპასუხობენ. “ბახტრიონი” კი მახსოვს, მაგრამ თქვენ გაკოცეთ თუ არა, ეგ არ მახსოვს-მეთქი, ვპასუხობ და საკოცნელად ხელმეორედ დგება რიგი (იცინის).

– და მაინც, ამგვარი მხნეობის და ჯანმრთელობის რა საიდუმლო გაქვთ?

– ჩემს ეზოში ტრენაჟორებია. ჯერ სახლში ვვარჯიშობ და ეზოში რომ ჩავდივარ, იქაც ვვარჯიშობ. ერთი დღე არ გამიცდენია. ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში აუცილებელია.

მარჯანიშვილში ახალი სპექტაკლის რეპეტიციებზე დავდივარ. ახალგაზრდები ვერ იმახსოვრებენ ტექსტებს და მე მათიც ვიცი.

ვაჟას ლექსებს ზეპირად ვკითხულობ და ჩემთვის ვტკბები…

პრაიმ ტაიმი