კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” შეიძლება მოუწიოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ ეპიდსიტუაცია დამძიმდება.
– რა უფრო შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას, არჩევნების გადადება თუ, პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნებზე წასვლა?
– ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ქვეყანაში. კლინიცისტმა ივანე ჩხაიძემ, რომელიც ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, უკვე განაცხადა, რომ, არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არჩევნების ჩატარება მისთვის მიუღებელია.
სავარაუდოდ, კლინიცისტების დიდი ნაწილი ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების რეკომენდაციას არ უწევს. როგორც ჩანს, საკოორდინაციო საბჭოზეც არ არის ერთგვაროვანი პოზიციები არჩევნების გადადება-არგადადების საკითხზე. მეტიც, იმ დახურულ სხდომებზე, სავარაუდოა, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები დღესვე უფრო მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს.
მარტივად მისაღები გადაწყვეტილების წინაშე ნამდვილად არ დგას “ქართული ოცნება”. ის საკუთარი მძიმე შეცდომების მძევალი აღმოჩნდა, როდესაც გაზაფხულზე საერთოდ გააუქმა ყველა რეგულაცია და ამით ცდილობდნენ ადამიანების გულის მოგებას. ახლა ამას შეიძლება უკურეაქცია მოჰყვეს, იმ კატასტროფული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რომლებიც ყოველდღიურად გვაქვს. ეს უნდა გაეთვალათ.
– კონსტიტუცია არეგულირებს არჩევნების გადადების საკითხს. ხელისუფლებას პირდაპირ შეუძლია, არჩევნების გადადოს თუ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს?
– კონსტიტუციაში ეს ყველაფერი გაწერილია. ქვეყანაში არჩევნები ორ შემთხვევაში არ ტარდება – საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. ხელისუფლების ორივე შტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა