რამაზ საყვარელიძე – “ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები არ აწყობს”

რამაზ საყვარელიძე - "ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები არ აწყობს"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით ისევ “ქართული ოცნება” გადის პირველ ადგილზე.

– ამიტომ, გაუგებარია, რატომ თვლიან, რომ ვადამდელი არჩევნებით შეცვლიან პოლიტიკურ რეალობას. საერთოდ აწყობს კი დღეს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები?!

– შეიძლება იმ პარტიებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, პროცესი 2024 წლამდე გადადეს?

– არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვერსია აბსოლუტურად სწორია. მეტიც, კარგად ჯდება იმ სურათში, რაც დღეს გვაქვს. თუმცა, არც ეს ვერსია არ გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო კამპანია არ აწარმოო. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სათქმელი თავისი ამომრჩევლისთვის. თუ ასეთი სათქმელი არ აქვს, ის პარტია და ის პოლიტიკოსი განწირულია. გაუგებარი და აუხსნელია, როდესაც ტრიბუნა გაქვს, როდესაც საარჩევნო სუბიექტი ხარ და როდესაც სათქმელიც არსებობს, რატომ ამბობ ამ შანსზე უარს?! რატომ არ იღებ ხმას?! ე.ი. გამოდის, შენ არ გაქვს სათქმელი.

რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პატარა პარტიებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილები, მართლაც აწყობთ, ასეთი გადავადება. ამაზე თუნდაც ის ბოლო სოციოლოგიური კვლევები ამბობენ.  “აირაის” კვლევების მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამ პარტიებს არავინ არ აირჩევს. ესენი კი დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილები. ეს გარკვეულწილად ნაციონალურ მოძრაობასაც აწყობს.

– რატომ?

– პარლამენტში დღეს დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ოპოზიცია. “აირაის” კვლევებით, ასეთი შედეგი ვერ დგება ახალი არჩევნების პირობებში. ამდენად, ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის 2024 წლამდე არჩევნების გადატანა მომგებიანია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა