ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან, დაწყებული იმ მკაცრი ჩაკეტვითა და დამთავრებული შეზღუდვების სრულიად გაუქმებით, ჩაიდინა დანაშაული:
– ხელისუფლებამ შექმნა გულარხეინობის ატმოსფერო და აგერ ბათუმის ფეხბურთის სტადიონზე 20 ათასი კაცი იყო. მიუშვა ბოლომდე სიტუაცია და ახლა ხელისუფლების დანაშაულს საკუთარ თავზე იმკის ხალხი.
სამარცხვინო ფაქტი იყო კულტურის სამინისტროს მიერ კონცერტების მართვა. ჯობდა, ის 700 ათასი ლარი, რითაც კონცერტებს ატარებდნენ, ეჩუქებინათ მათი მხარდამჭერი მომღერლებისთვის, ვიდრე ხალხი შეეკრიბათ და ვირუსის გავრცელების წყარო ყოფილიყო.
ოლიმპიური ოქროს მედლის აღსანიშნავ სუფრაზე მიდის პრემიერი და ამით საარჩევნო ქულები დაიწერა, სინამდვილეში კი ღრეობა წაახალისა, რომელიც მთავრობის დადგენილებით იყო აკრძალული. აბა, ოლიმპიელთან არ უნდა მივსულიყავიო? არ უნდა მისულიყო, რა თქმა უნდა. პირდაპირ ღარიბაშვილი და ტიკარაძე არიან პასუხისმგებელი იმ მსხვერპლზე, რაც ახლა გვაქვს!
– შედეგი რა იქნება?
– დღეში 30 ათასიც რომ აიცრას, დაახლოებით 60%-ის აცრას, რომელიც მეტ-ნაკლებად დააზღვევს ადამიანების გარდაცვალების დიდი რიცხვისაგან, დასჭირდება, სულ მცირე, 4 თვე და 4 თვის განმავლობაში რამდენი ათასი ადამიანი მოკვდება?!
– უფრო მკაცრ შეზღუდვებს ელით?
– დიახ. ხელისუფლებას საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ პანდემიის ამნაირი მართვით არანაირ გზას არ უტოვებს ქვეყანას, გარდა ჩაკეტვისა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა