ვაჟა დურგლიშვილი – “უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი, ნოტებიც კი დამავიწყდა… რატიმ შეუძლებელი შეძლო”

ვაჟა დურგლიშვილი - "უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი, ნოტებიც კი დამავიწყდა... რატიმ შეუძლებელი შეძლო"რატი დურგლიშვილის მამა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი სხვადასხვა მძიმე დაავადებებს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა,

ამის შესახებ რატი დურგლიშვილი “სარკეს” ესაუბრა.

– ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარი ჯანმრთელობას ეხება. ამ დროს არც კარიერაზე და არ სხვა რამეზე ფიქრობ.

– იყო საუბარი, რომ ბატონმა ვაჟამ მხედველობა დაკარგა. მართალია?

– დააკლდა, მაგრამ ახლა აღუდგა. როდესაც მხედველობა დააკლდა, მაშინ საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემები არც მეუბნებოდნენ. ბოლო თვეებში მითხრეს და, რომ გავიგე, საერთოდ არაფრის თავი მქონდა.

თავად ვაჟა დურგლიშვილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

– ჯერ გულმა შემაწუხა, შემდეგ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე გამიჩნდა, რის გამოც თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს.

შემდეგ რადიოლოგიური თერაპიის კურსი გამატარეს – 39 სეანსი დამჭირდა. ამან სისხლის გათეთრება გამოიწვია და უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი.

საბედნიეროდ სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ექიმებმა ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც კი დამავიწყდა.

მერე დრომ სასიკეთოდ იმოქმედა და მეხსიერება აღმიდგა.

რატიმ შეუძლებელი გააკეთა. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლო ასეთი მობილიზება, ფინანსების მოძიება. ერთი წუთითაც არ მომშორებია. ინგლისური შესანიშნავად იცის და ყველაფერს ის აგვარებდა.

ჩემი მკურნალი ექიმი კონსულტაციებს თბილისში ატარებდა და ყოველ სამშაბათს თურქეთიდან ჩამოდიოდა. როცა ჩემი ვარსკვლავი იხსნებოდა, ისიც მოვიპატიჟეთ.

გაგიჟდა, ამდენი ხალხი რომ ნახა, ასეთი სიყვარული და დაფასება რომ დაინახა. ჩემს კონცერტს დაესწრო და აღფრთოვანებული დარჩა. ამის შემდეგ ჩავედი თურქეთში და ფული აღარ გამოგვართვა, – უთხრა “სარკეს” ვაჟა დურგლიშვილმა.