საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს, რომელიც აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას მოჰყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.
”აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენს პრეზიდენტს სთხოვა ესაუბრათ. უახლოეს დღეებში იქნება სატელეფონო დისკუსია პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის”, – განაცხადა გაბრიელ ატალმა ერთ-ერთ საინფორმაციო არხზე საუბრისას.
მისი თქმით, საფრანგეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვების გაუქმების თემაზე განმარტებებს მოითხოვს.
საფრანგეთმა გუშინ აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია, რისი მიზეზიც ავსტრალიას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღება გახდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პაქტის მიღების შემდეგ ავსტრალიამ გადაწყვიტა საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავები აღარ შეიძინოს.
უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი. მან შეთანხმებას საფრანგეთისთვის ზურგში დანის დარტყმა უწოდა.
იპნ

