ავსტრალიელი პედაგოგის შანაი ბრუკის მკვლელობის გამოძიების მასალებში საუბარია დღემდე უცნობ დეტალებზე.
საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვის მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა მისი რძლისთვის – სარა მურსაკულოვასთვის, რომელიც პოლიციაში აპირებდა წასვლას, თუმცა, ბრალდებული მას ახალშობილი შვილის მოკვლით დაემუქრა.
“რაფაელს ვუთხარი, რომ აუცილებლად წავიდოდი და განვაცხადებდი პოლიციაში, ვინაიდან ფაქტის დამალვა არ შემეძლო. რაზეც მითხრა, რომ თუ პოლიციაში განვაცხადებდი მის მონაყოლს, მაშინ მომკლავდა და თუ ჩემს მოკვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ მომიკლავდა ჩემი ორი კვირის შვილს და როდესაც პოლიციიდან დავბრუნდებოდი მკვდარ შვილს ჩავეხუტებოდი. მუქარის ძალიან შემეშინდა. ჩემმა დედამთილმა, რომელმაც მოისმინა რაფაელის მუქარა, მითხრა, რომ არ წავსულიყავი პოლიციაში, ვინაიდან შესაძლებელი იყო მართლა მოეკლა რაფაელს ჩემი შვილი,”– ნათქვამია ჩვენებაში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი რაფაელ მურსაკულოვი, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება წარუდგინა.

