დედა-შვილის მკვლელობისთვის ოჯახი ომარ ბაციკაძის დასჯას ითხოვს

დედა-შვილის მკვლელობისთვის ოჯახი ომარ ბაციკაძის დასჯას ითხოვსვინ ჩაცხრილა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი 4 წლის წინ, ისევ დაუდგენელია. შსს-მ მომხდარზე ერთი პირი, ომარ ბაციკაძე დააკავა, თუმცა გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

მოკლულის ოჯახის წევრები საქმის სტრასბურში გაგზავნას აპირებენ, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტია, გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურა მათ საქმის მასალების გადაცემაზე უარს ეუბნება.

ოჯახი და მათი ადვოკატი ფიქრობენ, რომ დამნაშავეს, ომარ ბაციკაძეს, ხელს აფარებენ.

“როგორც ჩანს, პროკურატურასთან, არ ვიცი თანხა შესთავაზეს, თუ მოიძიეს ისეთი ადამიანები, რომ გადაერჩინათ ეს ადამიანი, იმის მაგივრად, რომ მისთვის მკვლელობაზე წაეყენებინათ ბრალი, წაუყენეს იარაღის ტარებაზე”, – ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.
დედა-შვილის, 66 წლის ნაზი ჯალაბაძის და 31 წლის მერი ჯაფიაშვილის ცხედრები მეზობლებმა იპოვეს. ორივეს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი. დედა-შვილი ნაცემები იყვნენ, სავარაუდოდ, გასროლამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლში ქურდობის კვალი არ აღმოჩნდა.

მკვლელობა 11 ივნისს მოხდა, 12-ში კი მეზობელმა ჯაფიაშვილების სახლიდან მაღალ ხმაზე ჩართული ტელევიზორის ხმა გაიგო, რომელიც იმავე საღამოს აღარ ისმოდა. მოწმე იხსენებს, რომ ცხედრების აღმოჩენისას ტელევიზორი გამორთული არ იყო, მაგრამ ხმა ბოლომდე ჰქონდა ჩაწეული, რაც აფიქრებინებთ, რომ დამნაშავე სახლში მკვლელობის შემდეგ კიდევ დაბრუნდა, ტელევიზორს ჩაუწია, წაშალა კვალი და ოთახი დაალაგა, ამისთვის მას 48 საათი ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე ომარ ბაციკაძის დნმ ან თითის ანაბეჭდები არ არის აღმოჩენილი. ასევე მისი შემხებლობა არ დასტურდება ნაპოვნ იარაღთან ან მასრებთან.