პოლიტილოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია არჩევნებზე მესამე ადგილს აიღებს. – დასჯერდება მესამე ადგილს?
– გახარიას დიდი შანსი აქვს, მაგრამ მას რამდენიმე ფრონტიდან უტევენ. “ქართული ოცნება” სერიოზულად უტევს და ოპოზიციაც არ აკლებს. ის უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სწორედ მაშინ აჩვენებს თავის რეალურ ძალას.
– “ქართულ ოცნებასთან” უფრო წარმოგიდგენიათ კოალიციაში თუ ოპოზიციასთან?
– არა, არა, “ოცნება” და გახარია ერთად უკვე ვერასოდეს მოძოვენ. შიდა კონკურენცია ისეთი ძლიერია, რომ უკვე მათი ერთ მთავრობაში ყოფნა ძალიან რთული იქნება.
გახარიასთვის 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება ძალების მოსინჯვის არჩევნები. ეს მას რეალურად სჭირდება საიმისოდ, რომ დაინახოს, სამომავლოდ რა შეუძლია და ამის მიხედვით დაალაგოს თავისი გეგმები. ჭკვიანი კაცია და არ უნდა გაუჭირდეს. ჯერ სწორად მიდის. არ ხმაურობს. ჩუმად აკეთებს თავის საქმეს, პარტიას აყალიბებს. ამის ნიშანია “ოცნების” ლიდერების ეს გაუგონარი კრიტიკა და დრო და დრო “ოცნებიდან” გახარიას პარტიაში გაქცეული ხალხი.
2 ოქტომბერს ის სახელისუფლო ღვეზელს ძალიან მნიშვნელოვან ნაჭერს ჩამოაჭრის. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მეტს, ვიდრე ეს წვრილ-წვრილი პარტიები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იცის “ქართულმა ოცნებამ” და ამიტომ ვისმენთ იმას, რასაც ვისმენთ გახარიას მიმართ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა