“გახარია მე-2 ტურში კალაძეს დაამარცხებს” – რამაზ საყვარელიძე

"გახარია მე-2 ტურში კალაძეს დაამარცხებს" - რამაზ საყვარელიძეპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას მიერ თბილისი მერის არჩევნებში ჩართვაზე საუბრობს.

– ლოგიკური შეუსაბამობები არის გახარიას ქმედებაში. ჯერ კალაძე შეაქო, მერე კონკურენტად დაუდგა. ეს ყველაფერი ეჭვებს აჩენს, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. თუმცა, რაც არ უნდა ხდებოდეს, გახარიამ ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა.

– რატომ?

– გახარია ბევრის მიერ აღქმული იყო მესამე, ალტერნატიულ ძალად.  ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით მიუღებელია ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. როდესაც მმართველი ძალა ძლიერი ოპოზიციის გარეშე რჩება, ეს ძალიან ცუდია როგორც ქვეყნისთვის, ისე ამ ძალისთვის. ამ შესაძლებლობას აყენებს საფრთხის ქვეშ გიორგი გახარია. თავის დროზე, როდესაც პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა, განცდა იყო, რომ შეიძლება მესამე ყოფილიყო, მაგრამ როგორ დასრულდა ყველაფერი, საზოგადოებას კარგად ახსოვს.

– მეორე ტურის გარდაუვალობა დგება?

– თუ მეორე ტური იქნება, მაშინ შეიძლება მეორე ტურში უკვე გახარიამ გაიმარჯვოს. ხმები თუ გათანაბრდება, მერე უკვე ამომრჩეველში სხვა ლოგიკა ჩნდება. გახარია ახალია მერის პოზიციაზე. კალაძე უკვე ამდენი წელია მერია. ვიღაცებს ექნებათ პრეტენზია მის მიმართ და ა.შ. მეორე ტური იძლევა ხმების გადალაგების სერიოზულ შესაძლებლობას, რაც შეიძლება კალაძისთვის სარისკო აღმოჩნდეს.

– გამორიცხავთ, რომ ამ ნაბიჯით გახარია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის მართლა ოპოზიციაა და არა “ქართული ოცნება 2”?

– რა თქმა უნდა! თითქმის დარწმუნებული ვარ, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მეტისმეტად ქართული პოლიტიკის სტილშია. ამტკიცებს ოპოზიციაა, მაგრამ “ოცნება” რომ გაორმაგებული ძალებით ნაციონალური მოძრაობის დანამატს უწოდებს, ეს პროპაგანდა კიდევ უფრო მოიკრებს ძალებს და კონტრარგუმენტი საგრძნობლად შემცირდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა