“გახარია მე-2 ტურში რომ ვერ გავიდეს, მისთვის დიდი დარტყმა იქნება” – მამუკა გამყრელიძე

"გახარია მე-2 ტურში რომ ვერ გავიდეს, მისთვის დიდი დარტყმა იქნება" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია იძულებული გახდა, თბილისში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა.

– არჩილ არველაძე ვერ დაითანხმაო, ასე ითქვა.

– დიახ, ასეა. არველაძე რომ დაეთანხმებინა, სერიოზული კანდიდატი ეყოლებოდა. ეს საკმაოდ საინტერესო იქნებოდა ქალაქისთვისაც და ზოგადად პოლიტიკური ველისთვისაც, თუმცა არ მოხერხდა. ამიტომ იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. გახარია რომ ვერ გავიდეს მეორე ტურში, ეს მისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ახლა მისი მოწინააღმდეგე უფრო ნაციონალური მოძრაობა ხდება, ვიდრე კალაძე.

– ანუ ბრძოლა მთავარი ოპოზიციისთვის მიმდინარეობს?

– დიახ, ბრძოლა მეორე ადგილისთვის. ეს არის ბრძოლა პირველი ოპოზიციური ადგილის მოპოვებისთვის. გახარიამ სააკაშვილის ძალიან აქტიური ლანძღვა დაიწყო. მას უნდა იმ ხმების წამოღება, რომლებსაც განქოცებული ხმები ჰქვია. ის ხმები, რომლებმაც უკვე დაკარგეს “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის ინტერესი და ეძებენ რომელიღაც სხვა ძალას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას არ გაეკარება. გახარიამაც სწორედ ასეთი ხაზი აიღო.

ის ამომრჩეველი, რომელიც “ოცნების” აღარ არის, მაგრამ არ დაუშვებს ნაციონალების დაბრუნებას, ძალიან ბევრია. გახარია კი ცდილობს, სწორედ ასეთი ამომრჩევლის გული მოიგოს.

– აქვს შანსი, რომ მეორე ადგილი დაიკავოს?

– ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურად დაიწყებს მასთან ბრძოლას “ქართული ოცნება”. ჩვენ რასაც ვხედავთ, ძალიან გააქტიურდნენ. ძალიან აქტიურად ებრძვის ხელისუფლება გახარიას.

– გახარიას ოპოზიციაში გადასვლის დღიდან კალაძეც და გახარიაც კორექტულობას ინარჩუნებდნენ, გაერთიანებას ხომ არ აპირებენ?

– ახლა არა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას პარტიამ და “ქართულმა ოცნებამ” კოალიციური მთავრობა შექმნან, რადგან ღიად გამოჩნდა, რომ არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც მასთან დაახლოებულ პარტიებთან გახარია არ დადგება. გახარია დისტანციას ინარჩუნებს. ის არც სხვა პარტიებს ეკარება, იქნება ეს “ლელო” თუ ვაშაძის პარტია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა