„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ გახარიას საწინააღმდეგო კამპანია მის სასარგებლოდ მუშაობს:
– საკითხის გარშემო ასეთი გაერთიანებული მთელი ერი ბოლო პერიოდში მე არ მინახავს: გახარიას კობახიძისგან იცავს მეოცნებეც, ნაციონალიც, პარტიულიც და უპარტიოც, პროდასავლელიც, პრორუსიც და შუაშისტიც – ყველა გაერთიანდა გახარიას დასაცავად კობახიძის ტრაგიკომიკური ბრალდებების წინააღმდეგ.
– ეს ნიშნავს, რომ ისინი წავლენ და გახარიას მისცემენ ხმას?
– ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ მიმართ ნდობა კრიტიკულად იკლებს. მეორე, „ოცნება“ თავისი სპიკერების სახით უკვე სასაცილოა და მესამე იმასაც, რომ გახარიასაც ამომრჩეველი ემატება.
გახარია არის მთავარი გადამზღვევი, ერთი მხრივ, ივანიშვილისთვის, რომელიც ნამდვილად არ აპირებს, რომ ვინმეს ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში. ის არ თამაშობს ერთ საჭადრაკო დაფაზე. მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ გახარია მისი მეორე საჭადრაკო დაფა იყოს.
მეორე, გახარია არის დასავლეთის გადამზღვევი და ესეც ყველაფრიდან ჩანს. გახარია დასავლეთის თვალში ის მექანიზმია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის პირობებში რევანშსაც წინ აღუდგება და სტაბილურობის გარანტიც იქნება.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა