გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი შეიძლება გახდეს

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი შეიძლება გახდესგერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25.8 %-ით მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” და “ქრისტიან-სოციალური კავშირის” ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების 24.1% მოიპოვა.

ხმების თითქმის 14% მოიპოვეს „მწვანეებმა“, ბიზნესის მხარდამჭერმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 11.5%, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი – 10.5%.

გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ – 205 ადგილი; მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი – 194 ადგილი, „მწვანეები“ – 116 ადგილი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 91 ადგილი; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 84 ადგილი; „სოციალისტი მემარცხენეები“ – 39 ადგილი.

ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის მიმართ მხარდაჭერა წინა არჩევნებთან შედარებით 8% -ზე მეტით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია მისთვის.

ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერს მანამდე არ აირჩევს, სანამ მმართველი კოალიცია არ შეიქმნება. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს. ახალი კანცლერის არჩევამდე კანცლერის მოვალეობას ანგელა მერკელი შეასრულებს.

მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საშობაოდ დასრულდება.

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ის კოალიციის შექმნას „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გეგმავს.

მისივე თქმით, გერმანელებმა ხმა მისცეს ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის ოპოზიციაში გადანაცვლებას.

„რასაც თქვენ ხედავთ, არის ძალიან გახარებული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“. ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა: მათ გააძლიერეს სამი პარტია – „სოციალ -დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“- ამიტომ ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მონიჭებული მკაფიო მანდატი: მომავალი მთავრობა ამ სამმა უნდა ჩამოაყალიბოს,“- აღნიშნა შოლცმა.

იპნ