ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი გახარიას ეჯიბრება და ცდილობს გუნდს დაუმტკიცოს, რომ ის უფრო მაგარია.
– ღარიბაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ეს აშკარად გამოკვეთა. საზოგადოების დასანახად და მისი სიტყვების გასამყარებლად კი ივანიშვილის სიტყვები მოიშველია. პრემიერისგან ეს არც ისე სასიამოვნო მოსასმენია. თანაც, დაუკვირდით, რა ხდება. პრემიერის და კობახიძე-მდინარაძის გარდა, გახარიაზე “ოცნების” არც ერთი წევრი ხმას რა იღებს. ერიდებიან მის გალანძღვას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თვითონვე ჰგონიათ, რომ ეს ბიძინას თამაშია. გადაუარონ გახარიას და ვაი და ბიძინამ ის მოატრიალოს, მერე რა უნდა ქნან? აშკარად გაორებულები არიან.
– ღარიბაშვილი ვაბანკზე მიდის?
– მიდის და თან ამით ამტკიცებს, რომ იგი არის გახარიაზე ძლიერი, გახარიაზე უფრო ეროვნული, უფრო მობილიზებული და ასე შემდეგ. გახარიამ მთლიანად დაკეტა ქვეყანა და ხალხი 200 ლარიან დახმარებაზე შესვა. ეს მეც ძალიან არ მომწონდა.
– ღარიბაშვილმა არ დაკეტა, დუღს ეკონომიკაო, მაგრამ ეს რის ხარჯზე?
– ღარიბაშვილმა მოისმინა სამსახურდაკარგული ადამიანების პრეტენზიები და თქვა, რომ მე არ დავხურავ ქვეყანასო.
– და მეორე უკიდურესობაში გადავარდა.
– ახლა იმის განსჯა, ეს უფრო მაგარი პრემიერია თუ გახარია უკეთესი იყო, არასწორია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება. ღარიბაშვილი და გახარია თავიდანვე დაპირისპირებულები იყვნენ, ერთხელ აგდებითაც თქვა გახარიამ, პატრიოტი კაცია, თავდაცვის მინისტრად გამოდგებოდაო. ეს დაპირისპირება სულ იყო, ივანიშვილსაც ხომ უთხრა გახარიამ, შენ მე ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარო. მაშინ ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ, ამან დღეს იჩინა თავი. დღეს “ოცნება” მძიმე სიტუაციაშია.
– რას გულისხმობთ?
– მან დაკარგა გუნდი, რომელსაც ენდო, გახარიას ვგულისხმობ და მის გუნდს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა