გია ხუხაშვილი – “ამ არჩევნების ჩატარება სუსს გაუჭირდება”

გია ხუხაშვილი - "ამ არჩევნების ჩატარება სუსს გაუჭირდება"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, ტემპერატურა ყველა შემთხვევაში აიწევს.

– ხელისუფლებას ცივილიზებულ გარემოში არჩევნების მოგების არანაირი რესურსი არ აქვს, შესაბამისად, თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, ის მას აგებს. თუ აგებს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაზეც ხელისუფლება ჯერჯერობით ამბობს, რომ არა.

თუ არჩევნების გზით დაკარგავენ ლეგიტიმაციას, გაუჭირდებათ პრესინგის გაძლება, რადგან შეტევა განხორციელდება დასავლეთიდანაც, რომელიც სრულიად აშკარად მოსთხოვს მას შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულების შესრულებას. მე არა მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი დიდი დოზით დაწოლას გაუძლოს.

თუ ისინი იგებენ, ანუ დაიწერენ სასურველ პროცენტებს, მაშინ ამ არჩევნების ლეგიტიმაციაც დადგება დღის წესრიგში. ასე რომ, პოსტსაარჩევნო კრიზისი ორივე შემთხვევაში გველოდება.

– ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნებს ატარებს სუსი. ამ სკანდალის ფონზე, ამ არჩევნებსაც მაინც ის ატარებს?

– ამ შემთხვევაში გაუჭირდება. იმიტომ, რომ ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა. წინასაარჩევნო გზავნილი იყო ის, რომ ისინი არიან ეკლესიის და ტრადიციის “დამცველები”. ამ სკანდალმა კი აჩვენა, თუ როგორ “იცავენ” ეკლესიას. შესაბამისად, ამის პრობლემა აქვთ. რაც მთავარია, ტექნიკურად ეს არჩევნები უნდა შეესრულებინა სუსს, ის იყო ამ არჩევნების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ეს კანდიდატებშიც გამოჩნდა, მერობის კანდიდატების ნახევარი სუსის აგენტები არიან. აქ გაჩნდა სერიოზული პრობლემა – სუსის მეთოდი რა არის? – დააშანტაჟე, დააშინე, “დაავერბორკე” და ამ გზით მოიგე არჩევნები. ამ მიმართულებით სუსის რესურსები ძალიან შეზღუდულია. ჩანაწერებით უნდა დააშანტაჟონ? ამის ვიღას ეშინია? ყველაფერი გამოფენილია.

ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს როგორც საარჩევნო ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ასევე მისი ტექნიკის, ანუ ორგანიზაციული შესრულების მხრივ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა