“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც დღეს ღიად ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, გახარიაა:
– დღეს გახარიაა “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა. იმიტომ, რომ ეს მანკიერი ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გაარღვია. მან სამობილიზაციო ელექტორატი წაართვა ზუსტად “ქართულ ოცნებას”.
– ელოდებით, რომ გახარიას ამოულაგებენ კომპრომატებს?
– რა თქმა უნდა, ველოდები. კომპრომატი აქვთ, არა აქვთ, სხვა საკითხია, მაგრამ ტყუილს იტყვიან, რა პრობლემაა?! შარდის ანალიზებისა არ იყოს.
– ეს რა კამპანია იყო?
– აბსოლუტური სისულელე! უსინდისობა, პირდაპირ გეტყვით.
– მიზანმიმართულად გააკეთა ეს კალაძემ?
– აბსოლუტურად მიზანმიმართულად, ასე რომ ვთქვათ, ეჭვის ჩააგდო ამომრჩეველში, რომ ვითომ რაღაცა ხდება. სინამდვილეში, რაღაც კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აქამდე დადებდნენ. არაფერი აქვთ, მაგრამ ნერგავენ ეჭვებს, ვითომ რაღაცა ხდება. დიდი ბოდიში, მაგრამ, მგონი, კალაძემ სულ ტყუილად ირბინა შარდით, იმიტომ, რომ ვერ ააგორეს ეს კამპანია.
– მეორე ტურის მოლოდინი თუ გაქვთ?
– მეორე ტური თბილისში აუცილებლად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ.
– ვის და ვის შორის?
– მელია ყველა შემთხვევაში იქნება მეორე ტურში. იმიტომ, რომ მელიას ჰყავს თავისი ელექტორატი, რაც არ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ის გადავიდეს მეორე ტურში, ხოლო გახარიასა და კალაძეს ჰყავთ ერთი ელექტორალური მასა, ერთი ელექტორატი, რომელიც რაღაც პროპორციით მათ შორის უნდა გადანაწილდეს.
– ანუ კალაძე და გახარია არიან კონკურენტები?
– დიახ, კალაძე გახარიას კონკურენტია პირველ ტურში.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა