გიორგი ბარამიძე – „ის მოსმენები, რომლებიც ჩვენ დროს ხდებოდა, ახლა გაასმაგდა“

გიორგი ბარამიძე - „ის მოსმენები, რომლებიც ჩვენ დროს ხდებოდა, ახლა გაასმაგდა“ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ  “ოცნების” მმართველობის დროს მოსმენები  გაასმაგდა.

– თქვენ დროსაც ყველას გვისმენდნენ, ტელეფონით საუბრის გვეშინოდა და ესეც გვახსოვს. უბრალოდ, მაშინ არ ვრცელდებოდა.

– ეგაა საქმე, რომ ახლა მართლა ყველას უსმენენ. მაშინ შეიძლება ადამიანების რაღაცა რაოდენობა მოხვდა ამაში, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ არც ისინი დაუსჯიათ. გაგიგიათ ვინმეზე, რომ დაისაჯა ამის გამო?!

– გეთანხმებით, ეგაა პრობლემა, რომ არავინ დასჯილა.

– პრობლემა მარტო ეგ კი არაა, არამედ ისიც, რომ ეს ადამიანები გადაიბარეს და 100-ჯერ მეტი მოსმენაა, ტექნოლოგიებიც განვითარდა და აპარატურაც მეტი იყიდეს. ამ 9 წელიწადში უდიდესი პროგრესი განიცადა კომპიუტერულმა ტექნიკამ.

– სუსის ყოფილი თანამშრომელი იმედოვნებდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს დასრულდებოდა, მაგრამ ბოროტების მასშტაბები გაიზარდა და. ა.შ.

– გაასმაგდა მასშტაბები და ჩვენ ვართ ბოროტების წყარო და სიმსივნეო. ეს მართლა შოკისმომგვრელი წერილია ადამიანისა. არავინ არის დაზღვეული, რომ რაღაცა მოხდეს. ეს ყველა ხელისუფლების დროს შეიძლება მოხდეს. მოსმენებთან დაკავშირებით ვიღაცები აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ, ბრძანების გამცემიც და შემსრულებელიც, პირველ რიგში კი –  ბრძანების გამცემი.

– თქვენ არ იცოდით ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ ადამიანებს უსმენდნენ?

– არა, საიდან?! ზოგადად ყველა ქვეყანაში უშიშროება ვიღაცას უსმენს და ეს კრიმინალთან ბრძოლისა და ჯაშუშების გამოვლენის ერთ-ერთი მეთოდია.

– თუმცა ამას სასამართლოს ნებართვა სჭირდება.

– დიახ, ამას სჭირდება შესაბამისი დარეგულირება. ჩვენ დროს ჯერ არ იყო საკანონმდებლო ბაზა დარეგულირებული ნორმალურად და ვიღაცებმა ამით ისარგებლეს, მაგრამ ესენი მოვიდნენ ამ ლოზუნგით, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მერე თვითონ რა კანონმდებლობაც მიიღეს, ხომ გახსოვთ?! სახალხო დამცველმაც თქვა, რომ საერთოდ არ არის დარეგულირებული. უშუალოდ სუსის დაქვემდებარებაში დატოვეს ფარული მიყურადების საშუალება. სუსს უნდა ჰქონდეს ამის საშუალება, მაგრამ – დარეგულირებულად, სასამართლოს ნებართვით და ა.შ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა