გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იქნება”

გიორგი ვაშაძე - "სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იქნება"გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სულ ქუჩაში დადის  და „ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს ვერსად პოულობს.

– ნაციონალები რევოლუციისთვის ემზადებიანო, ასე აცხადებს ხელისუფლება.

– კარგით, რა. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით მიდის და რა გზას ირჩევს საქართველო. არავინ არაფრისთვის არ ემზადება. რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ აწყობს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, როცა ის აღარ უსმენს ხალხს, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, აყალბებს არჩევნებს და ძალადობს. ზოგადად ამის შედეგად ხდება რევოლუციები ქვეყნებში.

– ამ არჩევნებზე წავლენ გაყალბებაზე?

– ჩვენ გარკვეული სიახლეები დავნერგეთ დიდი ჭიდაობის შედეგად, კამერების ქვეშ იქნება, ერთ უბანზე ტექნოლოგიების პილოტირება ხდება. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დიდი გარღვევა გავაკეთოთ. თუ გაუჭირდა, ქართული ოცნება“ შეეცდება, გააყალბოს, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

– სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისევ აჟიოტაჟია ატეხილი. ახლა მაინც ჩამოვა მიშა საქართველოში?

– არ ვიცი, ის რას აპირებს და როგორ აპირებს, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ეს ახლა ნამდვილად არ არის საუკეთესო სვლა, რომელიც „ქართული ოცნების“ დამარცხებას სჭირდება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ერთსა და იმავე შეცდომას თავად სააკაშვილი უშვებს ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ. ახლა მთავარია, ხალხს მივცეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და არ მიეცეს „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება, რომ სააკაშვილისგან ისევ საფრთხობელა გამოიყვანოს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა