“გომელაურმა ყოველ პოლიციელს 20 კაცის არჩევნებზე მიყვანა და “ოცნებისთვის” ხმის მიცემა დაავალა”

"გომელაურმა ყოველ პოლიციელს 20 კაცის არჩევნებზე მიყვანა და "ოცნებისთვის" ხმის მიცემა დაავალა"პოლიციელების წინასაარჩევნო მობილიზება რეგიონებში – “პირველების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად ხელმძღვანელობდა.

წყარო შსს-დან “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ გომელაურმა სამხარეოს მაღალჩინოსნები დაიბარა და დირექტივები მისცა.

მინისტრის ბრძანებით, თითო პოლიციელს ექნება 20 კაციანი სია და მათი დავალება იქნება, სიაში მყოფი ადამიანები არჩევნებზე მიიყვანოს. მთავარი მოთხოვნაა, სიაში მყოფმა პირებმა 41, ანუ “ქართული ოცნება” შემოხაზონ.

წყაროს ცნობით, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში გომელაური პოლიციელებს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.

ამასთან, “ტვ პირველის” ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა სამმართველოდან გორში მივლინებით სამართალდამცველები გადაისროლეს, რომლებიც შიდა ქართლში არიან რეგისტრირებული.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციელები ამომრჩეველთა დაშინებას და მოსყიდვასაც არ ერიდებიან. “ტვ პირველის” ინფორმაციით,”ოცნებისთვის” ხმების მობილიზებას შიდა ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლექსო სუხიშვილი კურირებს, ასევე პროცესებში ჩართულია, გორის პოლიციის უფროსი სანდრო ბარამიშვილი.

ტვ პირველი