“გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო” – პოლონეთში გარდაცვლილი დიტო ხელხელაური საქართველოში ჩამოასვენეს

"გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო" - პოლონეთში გარდაცვლილი დიტო ხელხელაური საქართველოში ჩამოასვენესპოლონეთში ქართველი ემიგრანტი 26 წლის დიტო ხელხელაურის გარდაცვალებიდან თითქმის 3 თვე გავიდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

დიტოს დედა ია ოჩიაური ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, რა გახდა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი.

„ცხედარს არანაირი საბუთი არ მოჰყვა. მხოლოდ სახელი და გვარი აწერია. გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო. მე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დავწერე განცხადება პოლიციაში და მოვითხოვე დახმარება – გამოითხოვონ ინფორმაცია პოლონეთიდან და გამარკვიონ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ჩემი შვილი, რა პასუხი აჩვენა დნმ-ის ანალიზმა და ექსპერტიზამ? ახლაც მქონდა ჩვენს პოლიციელებთან კონტაქტი.

მითხრეს, რომ ვისაც ჩემი განცხადება უნდა განეხილა და პასუხი მოეცა, კორონავირუსი შეხვდა. მე პასუხი არ მაქვს შეკითხვაზე, რა გახდა დიტოს გარდაცვალების მიზეზი“, – განაცხადა ია ოჩიაურმა.

ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან იყო. ის ბოლო 4 წელი პოლონეთის დედაქალაქში – ვარშავაში მუშაობდა.

ახალგაზრდა კაცი 2021 წლის 11 ივნისს გაუჩინარდა, 18 ივნისს კი მისი ნივთები ვარშავასთან ახლოს ტბის პირას იპოვეს, მოგვიანებით 26 ივნისს ოჯახს აცნობეს, რომ დიტო ხელხელაური ტბაში გარდაცვლილი ნახეს.