“კალაძემ მეურნე მერის სტატუსი მოირგო და ეს მისთვის მომგებიანია” – რამაზ საყვარელიძე

"კალაძემ მეურნე მერის სტატუსი მოირგო და ეს მისთვის მომგებიანია" - რამაზ საყვარელიძეპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამომრჩევლის მიერ ერთ მთლიანობად იყოს აღქმული გახარია და ნაციონალური მოძრაობა.

– როგორი შეიძლება იყოს კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებლები?

– ბოლო ხნის სოციოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გახარიამ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა, დიდად არ შეცვლილა. თითქმის იდენტურია. ალბათ, ეს მოსალოდნელიც არის.

– რატომ?

– ეს ადგილობრივი არჩევნებია და კალაძე მეურნე მერის ნიშის დაკავებას ცდილობს, გახარია და მელია პოლიტიკური მიზნებისთვის იბრძვიან. არ გამოვრიცხავ, რომ მეურნე მერის სტატუსი უფრო მომგებიანი იყოს და მართლაც მოიგოს არჩევნები.

– მელია ამბობს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია, გახარია კი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

– დიახ, ეს პოლიტიკური განცხადებებია. გახარია არ აზუსტებს, რა მექანიზმებით იქნება ვადამდელი არჩევნები.

– ლეგიტიმაციაზე აკეთებს აქცენტს.

– გასაგებია, მაგრამ მორალური კატეგორიები პოლიტიკაში ცოტა რთული ფენომენია.

– მეორე ტურს გამორიცხავთ?

– ძალიან მოკლე კითხვაა, მაგრამ – რთულად საპასუხო. როგორც იტყვიან,  მეორე ტურის ალბათობა ორმოცდათი ორმოცდათზეა. აქ უფრო საინტერესოა, ვისა და ვის შორის მეორე ტური? თუ იქიდან ამოვალთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი ტრადიციული ამომრჩეველი ჰყავს და გახარიას ასეთი ამომრჩეველი ჯერ არ ჰყავს, არაფერი არ არის გამორიცხული.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა