“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” კალაძესთან დაკავშირებით პრობლემები ექნება.
– ანუ თქვენც იზიარებთ იმ მოსაზრებას რომ კალაძეც “ოცნებიდან” წასასვლელადაა გამზადებული?
– რა თქმა უნდა, კალაძე რომ წამსვლელია “ოცნებიდან” ეს უკვე ბანერებზე უწერია, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
– კალაძის გუნდი საკრებულოშიო? და არა “ოცნების”…
– კი ბატონო, უკვე გადაწყვეტილია რომ კალაძე არ იქნება ივანიშვილის და მით უფრო კობახიძის შნირი და ის აპირებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს. თითქმის 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე იქნება. კალაძესა და ივანიშვილს შორის შავმა კატამ უკვე გაირბინა. ეს ობიექტურიც არის. დღეს კალაძე, გახარია და მელია არიან ის პოლიტიკოსები, რომელთა პოლიტიკური აქტივებიც გაიზარდა. კალაძე კი არის იმ პარტიაში, რომლის რეიტინგიც მკვეთრად ეცემა.
– არ ჩაყვება კალაძე “ოცნებას” სამარეში?
– არ უნდა რომ ჩაყვეს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. კალაძე თავის თავზე მუშაობს. “ოცნების” სხვა ლიდერები კი გამოიყურებიან სუფთა კლოუნებივით. ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში საქართველო, რომელსაც კლოუნები განაგებენ. სხვას ზოგს დიქტატორები ჰყავს, ზოგს მონარქები და ზოგსაც ლიბერალები. ჩვენს ქვეყანას კი განაგებენ კლოუნები.
სამწუხარო კი ის არის, რომ ჯერჯერობით არც ოპოზიციაშია ისეთი სერიოზული ძალა, რომელიც ქვეყნის მართვის და ამ სერიოზული პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის. სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე დგას დღევანდელი ხელისუფლება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა