„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ნორმალურად და არ მოხდეს რყევები:
– დასავლეთში თუ დაინახეს, რომ ხელისუფლებას ცუდად მისდის საქმე და მისი რეიტინგი ეცემა – 43%-ზე ნაკლები თუ აიღო მმართველმა პარტიამ, ყველანაირი ზეწოლა განხორციელდება ხელისუფლებაზე იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნებზე ყველა ნაბიჯს გაუკონტროლებენ, რომ როგორმე ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით.
მგონია, რომ 43%-ს კი არა, გაყალბებებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად, 40%-საც ვერ აიღებს.
– ჩანაწერები კალაძის პროცენტებზე არ მოახდენს გავლენას?
– კალაძის პროცენტებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვინაიდან კალაძის კონკურენტი გახარიაა, აქედან გამომდინარე, ალბათ, მეორე ტური იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ, ამას ვერ გეტყვით. ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, იმიტომ, რომ კალაძის ამომრჩეველი ყველა არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. მას ცოტა მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე „ოცნებას“.
– ხომ არ დებს დასავლეთი ფსონს ამჯერად გახარიაზე?
– არ ვიცი. დასავლეთი ფსონს დადებს იმაზე, ვინც შედეგს დადებს. თუ გახარიამ დადო მაღალი შედეგი, მაშინ დასავლეთისთვის ის გაცილებით მისაღები იქნება, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება.
– როგორია თქვენი პროგნოზი არსებულ ვითარებაზე?
– ხელისუფლებას ძალიან მოულოდნელი შედეგი დაუდგება. მე ასე ვფიქრობ. რაც გეგმაში აქვს, იმაზე ბევრად ნაკლებ ხმას აიღებს. გახარიას პარტიის წარმატებაც იქნება. მეორეზე თუ არა, მესამეზე მყარად იქნება ორნიშნა რიცხვით. შესაძლოა, მეორეზეც კი გავიდეს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა