ბუნდესტაგში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, გერმანიამ რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ბერლინში მიაჩნიათ, რომ კრემლის მიერ მართული რუსი ჰაკერები დეპუტატების პერსონალური მონაცემების მიღებას ცდილობდნენ. უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვებული პარტიის კანდიდატი, კანცლერის პოსტს დაიკავებს.
„რუსეთიდან ინიცირებული შეტევები შესაძლოა იყოს კიდევ უფრო გლობალური ოპერაციებისთვის მზადების ნაწილი, როგორც ეს არის არჩევნების წინა პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელება.“-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეა ზასემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში ჰაკერული შეტევები უფრო გახშირდა, რაც კანდიდატების პერსონალური მონაცემების ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, შეეტევებისთვის ე.წ ‘ფიშინგს“ იყენებენ. გერმანიის ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სწორედ რუსეთი დგას ამ მავნებლური საქმიანობის უკან. „ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ჰაკერული დაჯგუფება Ghostwriter-ის საქმიანობის უკან დგას რუსეთი, უფრო სწორედ ГРУ“-განაცხადა გრასემ. გერმანელმა ჩინოვნიკმა მოსკოვს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოვლად მიუღებელი კიბერ შეტევები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი ზომების მიღებით დაემუქრა.
ფაქტობრივად, გერმანულმა საგარეო უწყებამ ის ინფორმაცია დაადასტურა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ „დერ შპიგელმა“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ბუნდესტაგის შვიდმა დეპუტატმა და ასევე რეგიონალური პარლამენტების სამმა დეპუტატმა საფრთხის შემცველი ელექტრონული წერილები მიიღეს, რომელთა მეშვეობითაც ჰაკერებს სურდათ წვდომა მიეღოთ მათ პაროლებზე და სხვა პერსონალურ ინფორმაციაზე. როგორც ირკვევა, Ghostwriter მინიმუმ 2017 წლიდან არსებობს და ის რუსეთის ინტერესების გავრცელებას ემსახურება. ჯგუფი დეზინფორმაციასაც ავრცელებს, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების ყოფნასთადან დაკავშირებით ლიეტუვის, ლატვიის და პოლონეთის მოქალაქეებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი ჰიბრიდული ომის კიბერ კომპონენტს გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ მუდმივად მიმართავს. სწორედ ამ ქმედებების გამო, 2020 წელს ევროკავშირმა რუსეთის ორ მოქალაქეს და ГРУ-ს მთელ დანაყოფს სანქციები დაუწესა. სწორედ მათ ბრალდებათ გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს მასშტაბური კიბერ შეტევის ორგანიზება. სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 85-ე მთავარი ცენტრი, ოფიცრები დმიტრი ბადინი და იგორ კოსტიუკოვი. სწორედ დმიტრი ბადინი სახელდება კიბერ შეტევის უშუალო შემსრულებლად, ხოლო კოსტიუკოვი რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელია. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2015 წელს ჰაკერებმა 16 გიგაბაიტზე მეტი ინფორმაციის მიღება შეძლეს, მათ შორის ათიათასობით ელექტრონული წერილიც იყო. ევროკავშირი ამტკიცებს, რომ იმ პერიოდში სწორედ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა 85-ე ცენტრს, რომლის წიაღშიც ჰაკერების დანაშაულებრივი დაჯგუფებები APT-28, Fancy Bear, Sofacy Group, Pawn Storm и Strontium შეიქმნა.
კრემლის მიერ მართული კიბერ დამნაშავეები ევროპის არა ერთ ქვეყანას უქმნიან საფრთხეს. 2020 წელს ანალოგიური შემთხვევა მოხდა ნორვეგიაშიც. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ პარლამენტზე კიბერ თავდასხმაში რუსეთი ღიად დაადანაშაულა. 2019 წელს რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კიბერ შეტევა განახორციელეს ჩეხეთის ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაზეც. ამ შეტევის უკანაც იდგა ჰაკერების ჯგუფი, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან არის კავშირში. დამნაშავემ სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში ელექტრონული წერილის მეშვეობით შეაღწია, რომელიც მავნე კოდს შეიცავდა. ამავე წელს, ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოაშკარავა. სპეცსამსახურის თქმით, ეს ჯგუფი კიბერ შეტევების კოორდინაციით იყო დაკავებული.
რუსეთმა კიბერშეტევა საქართველოზეც არაერთხელ განახორციელა. ბოლო ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა სისტემებზე 2019 წლის 28 ოქტომბერს მოხდა. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ის დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ეს კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. კიბერ თავდასხმები არის ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც კრემლი პერიოდულად ცდილობს შეარყიოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საშიში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
კოტე ლომაია

