სერბეთმა და კოსოვომ საზღვარზე არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.
„შეთანხმება მიღწეულია! ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ დეესკალაციაზე შეთანხმება მიღწეულია“,- წერს ლაიჩეკი „ტვიტერში“.
შეთანხმების თანახმად, ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან განთავსებული პოლიციის სპეცრაზმი 2 ოქტომბერს ტერიტორიას დატოვებს და მას ნატო-ს სამშვიდობოები ჩაანაცვლებენ, რომლებიც იქ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
ამასთან, 4 ოქტომბრიდან კოსოვოსა და სერბეთს შორის დროებითი ე.წ. „სტიკერების“ რეჟიმი ამოქმედდება, რაც მძღოლებს სხვა ქვეყანაში შესვლისას ავტომობილების სანომრე ნიშნების სტიკერებით დაფარვას ავალდებულებს. აღნიშნული რეჟიმი საკითხის მუდმივ გადაჭრამდე იმოქმედებს.
ამასთან, 21 ოქტომბერს ევროკავშირის თავმჯდომარეობით და სერბი და კოსოვოელი ოფიციალური პირების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და პრობლემის მუდმივი გადაწყვეტის მიზნით მუშაობას დაიწყებს. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მიმდინარე თვის დასაწყისში გაიზარდა, როდესაც კოსოვომ მოითხოვა სერბეთიდან გადასული ავტომობილებისთვის სერბეთის სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით შეეცვალათ, რომელსაც 60-დღიანი ვადა ექნებოდა.
საპასუხოდ, ადგილობრივმა სერბებმა დროებითი საზღვარი პროტესტის ნიშნად გადაკეტეს, რის გამოც პრიშტინამ ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სპეცრაზმი განათავსა. ბელგრადმა სასაზღვრო ზონაში სამხედროები განათავსა და საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა.
იპნ

