ექსპერტი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ არჩევნებში გახარიას უშუალო ჩართვა სიურპრიზის ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ:
– მართლაც საინტერესოა გახარიას პროცენტული შედეგი. გახარიას დღეს ჩუმი მხარდამჭერები ჰყავს. ისინი არ გამოდიან ქუჩაში და პროტესტს, მანიფესტაციებს, მიტინგებს არ აწყობენ. ჩუმად არიან. ამომრჩევლის ეს ნაწილი, როდესაც მივა საარჩევნო ურნებთან და პირისპირ დარჩებიან ბიულეტენებთან, მაშინ იტყვიან თავიანთ სათქმელს.
– სხვა სიურპრიზები არ იქნება?
რაც შეეხება დანარჩენ სიურპრიზებს, რომელთაც შეეძლება დიდი პოლიტიკური პროცესების გამოწვევა, თუნდაც ისეთის, როგორც, მაგალითად, 2012 წლის არჩევნების წინა ღამეს, მე ასეთს არაფერს არ ველოდები. ვნახოთ, მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
საშემოდგომო სესია იხსნება და საინტერესოა, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს “ოცნება”. დათმობს იმ პუნქტებს ან შეასრულებს იმ ჩანაწერს, რაც მიშელის დოკუმენტშია. ეს ერთგვარი გზავნილიც შეიძლება იყოს, თუ რისთვის არის მზად დღეს ხელისუფლება. რა დათმობისთვის შეიძლება ის სამომავლოდ ემზადებოდეს. ამის ამოკითხვა შეგვეძლება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა