“6 წელი სააკაშვილი ციხეში რომ იჯდეს, იქიდან ნელსონ მანდელა გამოვა” – დავით ზურაბიშვილი

"6 წელი სააკაშვილი ციხეში რომ იჯდეს, იქიდან ნელსონ მანდელა გამოვა" - დავით ზურაბიშვილიექსპერტი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ეს იქნება ივანიშვილისთვის პირდაპირი განაჩენი და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

– ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ საერთოდ გადასცემენ უკრაინას რაღაც პერიოდის მერე.

– ასე რატომ გგონიათ?

– 6 და 7 წელი სააკაშვილი ციხეში რომ იჯდეს, იქიდან ნელსონ მანდელა გამოვა. თუ მისგან ნელსონ მანდელას შექმნა, მისი სრული გაგმირება და რომანტიზება უნდათ, მაშინ ჰყავდეთ დიდი ხანი ციხეში. მერე ციხიდან გამოვა გმირად.

– ციხეში ყოფნა და ნელსონ მანდელას გზით წასვლა გმირობა რატომ არის?

– მანდელა თავის დროზე ციხეში რომ ჩაჯდა, ტერორისტი იყო, საპროტესტო დემონსტრაციაში კი არა, შეიარაღებულ თავდასხმაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რის შედეგადაც ხალხი დაიხოცა და ჩასვეს ციხეში. მერე ციხეში იბრძოლა, 27 წელი იჯდა და იქცა ლეგენდად. ადამიანებს პატიმრის მიმართ უჩნდებათ თანაგრძნობა, მით უმეტეს, როცა ის პატიმარი მყარად დგას და ხელისუფლებას უპირისპირდება.

ეს ასე მოხდება, რად უნდა ლაპარაკი და უკვე ხდება ჩვენ თვალწინ. ამიტომ, ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჭკუა აქვს, მისი ციხეში ყოფნა არავის უნდა აწყობდეს.

– მაინც უკრაინისთვის გადაცემას ელით?

– ალბათ უფრო უკრაინას გადასცემენ. თუ თავად ბიძინამ არ იძალა, რომ არა, იყოს ციხეშიო, არ ვიცი. არჩევნებამდე მაინცდამაინც არ აწვება უკრაინის ხელისუფლება. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის რაღაც ჩუმი მოლაპარაკებები იყოს, არჩევნების მერე რაღაცას ვიზამთო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა