„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეებიც, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება.
„რა თქმა უნდა, ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია.
ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ „პოლარიზების მეტი არაფერი მოიტანა“ და წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდა.
„სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო, როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს, რომელსაც მართავდი ორი ვადით.
მე სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის. მე ასე არ მოვიქცეოდი, სხვაგვარად მოვიქცეოდი, მაგრამ მისი არჩევანია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს გამაოცა იმიტომ, რომ მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

