გამოძიება მიკერძოებულია! – ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ ისაუბრა.
უფლებადამცველი “პირველებთან” კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული საპროექტო სამუშაოებში უშუალოდ იყო ჩართული. ანუ საცხოვრებელი ბინის კედლების ნგრევას მუშები, ამავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით ახდენდნენ.
არ ვიცი, დაასახელა თუ არა საქმის პროკურორმა ის, რაც მე სასამართლოს დახურულ სხდომაზე ვთქვი. მე არ მინდა, საჯაროდ დავასახელო ის პიროვნება, ამ ეტაპზე პატივს ვცემ მის გრძნობებს.
გამოძიებას ამოღებული აქვს ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის კუთვნილი მობილური ტელეფონი, სადაც ადამიანს, რომელიც მშენებელია, გადმოგზავნილი აქვს დემონტაჟის პროექტი. დაზარალებული არის მშენებელი. მის მიერ შედგენილი პროექტია და უშუალოდ თვალ-ყურს ადევნებდა სამშენებლო პროცესებს და მისი მითითებით, მუშებზე მითითებების გაცემით, ხორციელდებოდა სამუშაოები, რომელიც იქ განხორციელდა”- განაცხადა ადვოკატმა.
რამინ პაპიძე ამბობს, რომ გამოძიება აღნიშნული მიმოწერის შესახებ ინფორმირებულია. უფლებადამცველი მტკიცებულების საქმისთვის დართვას ითხოვს.
დაკავებულების ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ტვ პირველი

