ცენტრალური საარჩევნო კომისია ენმ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ აცხადებს.
როგორც ცესკოს დღევანდელ, პირველი ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.
“საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ.
თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია”, — აცხადებს ცესკო და sms-ების სქრინებს ავრცელებს.
ნეტგაზეთი

