“დილის 4 საათზე მოვიდნენ, ფინანსური პოლიციიდან ვართო” – როგორ დააკავეს მამა-შვილი წოწორიები

"დილის 4 საათზე მოვიდნენ, ფინანსური პოლიციიდან ვართო" - როგორ დააკავეს მამა-შვილი წოწორიებისაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახში პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებენ.

ვერიკო წოწორია ქმარ-შვილის დაკავების დეტალებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირთან, ელგუჯა ცომაიასთან, ნათესაური კავშირი აქვთ.

ზურაბ წოწორიას მეუღლე ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან სახლში და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებად გაეცნენ:

ჩვეულებრივად ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ, ფინანსური პოლიციიდან ვართო. იკითხეს შალვა წოწორია, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს, ეკითხებოდნენ სად იყიდე, როდის იყიდე, რა ფერია და ა.შ.

მანქანა უნდა წავიყვანოთ და თქვენც წამობრძანდითო. მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, შენც გაჰყევი-თქო, რატომ უნდა გამეშვა მარტო ღამის 4 საათზე?!

სასაზღვრო პოლიცია, შემდეგ რომ მოვიდნენ 5 საათი იყო, 6 იყო დაწყებული, რომ მოვიდნენ გასაჩხრეკად და იმათ ვკითხე, ვინ ხართ-თქო და იმათმა მითხრეს, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო თქვენს შვილს და ქმარს წარუდგინეს დანაშაულის დაფარვაზე ბრალიო.

რომ ვკითხე, რა დანაშაულზე-თქო, მითხრეს მიხეილ სააკაშვილიო და კინაღამ გავგიჟდი. წარმოუდგენელია ეს ჩემთვის.

შეიძლება ჩვენს ნათესაურ კავშირს უკავშირდებოდეს ცომაიებთან. რადგან ბავშვის ნათლიაა ელგუჯას შვილი – ამბობს პირველებთან ვერიკო წოწორია.
“პირველების” ინფორმაციით, ძალოვანებმა მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები გამთენიისას დააკავეს. ორივე ფოთის ტერმინალის რიგითი თანამშრომელია.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.