კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი”ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიამ წარმატება უნდა იზეიმოს.
– შემოვარდა ქართულ პოლიტიკაში ისე, რომ რეიტინგიც კი არ ჰქონდა და 7%-ს იღებს. სხვათა შორის, სწორედ თქვენთან ვთქვი, რომ გახარია 8%-ს აიღებს-მეთქი.
– ანუ მესამე ძალად დაფიქსირდა გახარია?
– დიახ, ასეა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ცუდი შედეგი.
– კალაძის ბრიფინგი და მისი ბოდიში რისი მთქმელი იყო თქვენთვის?
– კალაძეს ძალიან დიდი ამბიციები ჰქონდა, მას უნდოდა, რომ დისტანცირებული ყოფილიყო “ოცნებისგან” და რა მიიღო? კიდევ უფრო მეტად ხდება “ქართული ოცნების” მძევალი. კობახიძემ ძალიან უსინდისოდ და უტიფრად უსაყვედურა კალაძეს, ყველაზე გულსატკენია, რომ თბილისში მეორე ტური იქნებაო. რა, ბათუმი, ზუგდიდი ან ქუთაისი ნაკლები ქალაქებია?!
– კობახიძემ კალაძეს ყური აუწია?
– კი, ზუსტად ასე იყო. კობახიძე ცალსახად ფრთებს შლის, უხარია და ძალიან ბედნიერია, რომ კალაძე ვერ არის ისე წარმატებული, როგორც კალაძეს უნდოდა. კალაძეს ფრთები მოტეხეს და პარტიაზე მიაჯაჭვეს.
– რას ელოდებით მეორე ტურში?
– არაა გამორიცხული, რომ ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავშიც კი გაიმარჯვოს ოპოზიციამ.
– თბილისში?
– თბილისში კალაძე ცალსახად გაიმარჯვებს, ოპოზიციას თბილისში შანსები არა აქვს.
– კალაძის მარცხი პირველ ტურში არის თუ არა გახარიას კისერზე?
– კი, რა თქმა უნდა, გახარიას კისერზეა. ეს კი ძალიან უხარია “ქართულ ოცნებას”. შეიძლება ითქვას, რომ პირველად “ქართულ ოცნებაში” გაჩნდა მადლიერების გრძნობა გახარიას მიმართ. გახარიამ კალაძე გახადა კოჭლ იხვად და აქცია “ქართული ოცნების” მძევლად.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა