“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი მამუკა გვაძაბია ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ძალიან მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი. – მიშამ ასწია დუღილის ტემპერატურა, როცა ეს მის პარტიას სჭირდებოდა. ამაში არანაირი არეულობისა და ქაოსის ელემენტები არ ყოფილა ჩადებული, ხომ ვნახეთ, პირიქით, ძალიან მშვიდად, წყნარად მოხდა ეს ყველაფერი.
რუსეთის სპეცსამსახურები, კრემლი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით. ამუშავდა მთელი აგენტურული ქსელი.
– ამ გააქტიურების მიზეზი რა არის?
– სააკაშვილი მაქსიმალურად უნდა იყოს იზოლირებული საქართველოს ციხეში, არ უნდა გამოვიდეს გარეთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის რუსეთისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციების სულის ჩამდგმელი. კრემლს ძალიან ეშინია სააკაშვილის.
– ვინ დაგეგმა მისი შემოსვლა?
– ამ ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ. მოვა ამის თქმის დროც. მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდხანს არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ხელისუფლების დიდი სურვილია.
– რა გზით გამოვა?
– მოუწევს ხელისუფლებას სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა პრეზიდენტმა. დიდი მნიშვნელობა აქვს, არ გამოვრიცხავ სერიოზულ ქუჩის გამოსვლებს.
არ არის გამორიცხული, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ეს რუსეთის ინტერესებში შედის. არის საშიშროება, რამე მოუწყონ, მოწამლონ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ეს ინფორმაცია მაქვს როგორც სოხუმიდან, ისე მოსკოვიდან.
დროა, ბიძინა ივანიშვილმა თავის მარიონეტ პრეზიდენტს მიუთითოს, რომ შეწყალების აქტი გამოუშვას, თორემ, შესაძლოა, მიშას ციხეში ყოფნა ივანიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა