პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის შესაძლო კოალიციურ მმართველობაზე საუბრობს.
– ოპოზიციის შეთავაზება – კოალიციური მმართველობა, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის?
– კოალიციური მმართველობა საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი სხვა პარტიის შემთხვევაში.
– რატომ?
– იმიტომ, რომ რთულად დასაჯერებელია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო შირმაა, ვიდრე რეალობა.
ნაციონალების მხრიდან კოალიციურ კაბინეტზე საუბარი ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ მე, ნაციონალური მოძრაობა კი არ მოვდივარ ერთპიროვნულად, არამედ ყველა ერთად მოვდივართ, რომ ერთმანეთი დავაბალანსოთო. ეს მშვენიერი იდეაა, ძალიან მომხიბლავად გამოიყურება, მაგრამ რამდენად შესრულებადია, რამდენად წავა ამაზე ნაციონალური მოძრაობა, ეს მაეჭვებს.
– თბილისში მეორე ტურის შედეგები როგორი შეიძლება იყოს?
– როდესაც ერთმანეთის პირისპირ რჩებიან “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა, არჩევნების უახლესი ისტორია გვიჩვენებს, როგორია ხოლმე შედეგი. ასეთი დაპირისპირება იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და შედეგები ვნახეთ, როგორი დადგა. ბოლო წუთში ამომრჩეველმა ნახა, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა მობრუნდეს, მან ეს საფრთხედ აღიქვა და გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა.
– დღესაც იმუშავებს ეს?
– იმუშავებს, რადგან ადამიანებს ნაციონალურ მოძრაობასთან ცხრაწლიანი ნაცნობობა აკავშირებს. ამიტომ არის ასეთი მობილიზება, როდესაც ერთი ერთზე რჩება ეს ორი ძალა ერთმანეთთან.
ასეთი მობილიზება ვნახეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზეც, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლით იყო გამოწვეული. არჩევნების წინ გამოკითხვებით “ოცნებას” არ ჰქონდა ისეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა