“ნაციონალების გამარჯვება “ოცნებას” შიგნიდან დაანგრევს, სააკაშვილი გმირი გამოვა” – თორნიკე შარაშენიძე

"ნაციონალების გამარჯვება "ოცნებას" შიგნიდან დაანგრევს, სააკაშვილი გმირი გამოვა" - თორნიკე შარაშენიძეექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალებისთვის მთავარია, მეორე ტურისთვის მორალურად კარგად იყვნენ: – მივდივართ ერთ შეკითხვამდე: გაიმარჯვებს თუ არა ნაცმოძრაობა მეორე ტურში? თუ ბევრგან გაიმარჯვებს, მაშინ სიტუაცია სერიოზულად შეიცვლება, თუ არ გაიმარჯვებს, მაშინ მიშას მოუწევს ციხეში ჯდომა რაღაც პერიოდი და მერე, ჩემი აზრით, მისი ექსტრადირება მოხდება უკრაინაში.

– რას ელოდებით მეორე ტურში? დიდი მნიშვნელობა აქვს, საით წავა გახარიას ხმებიო. ის აცხადებს, რომ არც ერთს არ დაუჭერს მხარს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მიშა სამართლიანად ზის ციხეში.

– გახარიას ამომრჩეველი მისი განცხადების შემდეგ ნაცმოძრაობას მხარს არ დაუჭერს. ეს ამცირებს ნაცმოძრაობის შანსებს მეორე ტურში. თუმცა დასავლეთ საქართველოში არის რაღაც შანსები, ზუგდიდსა და ბათუმში. თბილისში ნაცმოძრაობის გამარჯვება გამორიცხულია.

რამ შეიძლება შეცვალოს მიშას მდგომარეობა? ეს იქნება მეორე ტურში რაც შეიძლება ბევრ ქალაქში გამარჯვება, მათ შორის თბილისში. ეს რადიკალურად ცვლის სიტუაციას და ანგრევს “ოცნებას” შიგნიდან. თუმცა ამას არ ველოდები. ყველაზე რეალისტური სცენარია, მოიგონ ორი ქალაქი დასავლეთ საქართველოში.

თუ მიშას პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში, მაშინ ის გმირად იქცევა. მერე აღარავის გაახსენდება მის წინააღმდეგ პროცესები, სტრასბურსაც აღარ დაელოდებიან, ისე გამოუშვებენ. წესით, იქით მივდივართ, რომ “ოცნება” მოიგებს ძირითად ქალაქებს. ნაცმოძრაობამ ორი-სამი ქალაქიც რომ მოიგოს, ეს სიტუაციას მკვეთრად შეცვლის და “ოცნებას” სერიოზულად მოარყევს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა