დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მოხდა.
შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია კიდურებში ესროლეს. შემთხვევა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა 5-ჯერ გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მათივე თქმით, დამნაშავე რომელიც შავი ფერის მანქანით გადაადგილდებოდა, შენიღბული იყო.
“5 გასროლა იყო ზედიზედ, 2 ცოტა ინტერვალით. ეს არის უეჭველი ცეცხლსასროლი იარაღით, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ვნახე, დაგდებული იყო კაცი, ჯერ კიდევ ნარკოლოგიურის ექიმები არ იყვნენ ჩამოსული ქვევით, მხოლოდ 3 კაცი რაღაცას ხლაფორთობდა, რა გავაკეთოთო და ა.შ. დაჭრილი იყო ალბათ ბარძაყში.
ზევით ამბობდნენ ექიმები, შავი მანქანით იყო შენიღბული ადამიანიო,” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ეკა წულუკიძე.
ნარკოლოგიური დაწესებულების დირექტორი მაია კონცელაძე ადასტურებს, რომ თავდამსხმელი შავნიღბიანი პირი იყო და ხმაურის გაჩენისთანავე ტერიტორიას გაეცალა.
“წესით გეგმიურად უწევდათ სერვისის მიღება და კიბეზე შემოდგმის დროს მოხდა ეს ინციდენტი. ფიზიკურად არც ხმაური გაგვიგონია მანამდე, არც სიტყვიერი დაპირისპირება. პირველსავე ტყვიის ხმაზე გადაიხედეს გოგონებმა და დაინახეს, ნიღბით, შავ პირბადეში ჩაცმული მამაკაცი როგორ ედგა თავზე და იარაღით ცხრილავდა. ატყდა ხმაური. მოქალაქე მანქანით გაეცალა ტერიტორიას. წინა ეზოს კამერები არ გვაქვს ჩვენ საერთოდ იმიტომ, რომ ეს კონფიდენციალური დაწესებულებაა,” – აცხადებს ნარკოლოგიურის დირექტორი მაია კონცელაძე.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შევიდა. მას ორივე ქვედა კიდურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგული.
“პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, პრაქტიკულად იყო კრიტიკული მდგომარეობა. შემოსვლისთანავე პაციენტთან იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობები, იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. შემოსვლისთანავე დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და სამწუხაროდ, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა პაციენტთან დაფიქსირდა სიკვდილი,” – აცხადებს ბათუმის ემერჯენსის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია.
რუსთავი 2

