“შაბათის ეთერმა” ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ახალი ფაილები მოიპოვა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ხუთტომიან საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება – საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
ბუსა ჟვანია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნიკოს მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, ბრალდებულებმა დაურეკეს და სათქმელი მინიშნებებით უთხრეს.
შოთაძის უწყების ოქროს მოწმე თბილისელი ტაქსის მძღოლი, 65 წლის ვლადიმერ არუთინოვია.
15 სექტემბერს, დღის 16:30 საათზე არუთინოვი ორმა ახალგაზრდამ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და გურამიშვილის გამზირის მიმართულებით წასვლა თხოვა. ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე იყვნენ.
ორივე ახალგაზრდა უკიდურესად აღელვებული იყო. მათ ტაქსის მძღოლს ელიავას ბაზრობიდან სანზონაში გადაყვანა სთხოვეს.
კავილაძემ და ჭელიძემ ტაქსის მძღოლს მობილური ტელეფონი სთხოვეს. ზარი ტაქსიდან ბუსა ჟვანიას ნომერზე განხორციელდა.
“მე ჩემ უკან მჯდომმა გამომართვა ტელეფონი. მთხოვა, რომ დარეკავდა და დამიბრუნებდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა და უთხრა „ბუსა, რომ იცოდე, კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან”- უთხრა გამოძიებას ვლადიმერ არუთინოვმა.
დადასტურდა, რომ ნომერი, სადაც ნიკოს მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გიორგი კავილაძემ დარეკა, ბუსა ჟვანიას მფლობელობაშია.
მიუხედავად ამისა, ბუსა ჟვანია პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
ნიკოს მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სომხეთში კანონიერ ქურდ დავით კაკულიას შვილებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. მათ საკუთარი ავტომობილი ბუსა ჟვანიამ გადასცა და თბილისიდან ერევანში სწორედ ჟვანიას “იაგუარით” იმგზავრეს.
ბუსა ჟვანიამ ნიკოს მკვლელობიდან ერთ კვირაში საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, ამის შემდეგ ის საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
ტვ პირველი

