ნინო ლომჯარია – “უკრაინის ომბუდსმენისთვის აეროპორტში პრობლემების შექმნით შეშფოთებული ვარ”

ნინო ლომჯარია - "უკრაინის ომბუდსმენისთვის აეროპორტში პრობლემების შექმნით შეშფოთებული ვარ"სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უკრაინელი ომბუდსმენის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ფაქტით შეშფოთებულია.

სახალხო დამცველის განცხადებით, მსგავსი ფაქტები ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და დემოკრატული ქვეყნებისთვის მიუღებელია.

“საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას”,-ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვა საქართველოში შემოსვლისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს. ამის შესახებ მან განცხადება თავად გააკეთა.

გარდა ამისა თბილისში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, ასევე მიხეილ სააკაშვილის  მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

მთავარი