“ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი გვაქვს” – გიგი წერეთელი

"ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი გვაქვს" - გიგი წერეთელი“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მეორე ტურები ხელისუფლებისთვის დიდი განსაცდელია:

– დიდ ქალაქებსა და ცენტრებში ბევრგან ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერობენ. ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში ეს ყველაფერი რომ ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდეს, ამის შანსები ძალიან დიდია.

– ამ ქალაქებიდან დაიწყებთ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესს?

– ეს მნიშვნელოვანი საფუძველია. შეჯამდება შედეგები, ყველა გააკეთებს ანალიზს, მაგრამ, ჩემი აზრით, პარალელურად უნდა იყოს კონსულტაციები იმაზე, თუ რა გეგმები არსებობს. გადაწყვეტილება მეორე ტურებთან დაკავშირებით. ვინ დაუჭერს საერთო კანდიდატებს მხარს, რაც მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის.

მერე, როდესაც იქნება ოპოზიციური მერები და საკრებულოები, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ყველაფერი აკეთოს, რაც მათ უნდათ, ეს გახდება იმ ტიპის პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, რაც გარდაუვლად მოიტანს ქვეყანაში ახალ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი არჩევნების გარეშე ვერ გაჯანსაღდება პოლიტიკური პროცესი.

– უახლოეს პერიოდში ქუჩაში გამოსვლას და შედეგების გაპროტესტებას არ აპროტესტებთ?

– ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობთ, თუმცა სამართლიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში არსებული პროტესტი ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი დემოკრატიული პროცესისთვის.

ბოლო წლებია, საერთაშორისო ორგანიზაციები უიშვიათეს შემთხვევაში ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. ხდება მოვლენების აღწერა და შემდეგ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ლეგიტიმურად ჩათვლის თუ არა შედეგებს. თუ ის ამას არ თვლის, მას შეუძლია გამოიყენოს პოლიტიკური ბრძოლის ყველა ის საშუალება, რომელიც კანონით არის დაშვებული, მათ შორის, ქუჩის პროტესტიც.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა